„საქართველოს ნაკრების მაისურით კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტის დებიუტი შედგა – ასე გამოეხმაურა Nomad Sports-ი მონტენეგროსთან ამხანაგურ მატჩში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში დავით ღვარძელაშვილის პირველ თამაშს.
„იგი 17-წლამდე ნაკრებში ადრეც გამოიძახეს, მაგრამ ემიგრაციაში ცხოვრების და საბუთების მოუწესრიგებლობის გამო ჩამოსვლას ვერ ახერხებდა. 3-წლიანი წვალების შემდეგ ბიუროკრატიული ამბებიც მოგვარდა და ახალგაზრდა მეკარე სამშობლოს დაუბრუნდა.
იყო კიდევ ერთი დაბრკოლება – ბოლო 4 თვე წელის ტრავმის გამო ესპანური „ვილიარეალის“ ახალგაზრდა მეკარე ვერ ვარჯიშობდა. 1 თვეც არაა, რაც მოედანს დაუბრუნდა.
იგი ივლისის დასაწყისში ნაკრებს შეუერთდა. წელი ისევ სტკიოდა, ნაკრებში გამაყუჩებელი ნემსების დახმარებით ემზადებოდა. მონტენეგროსთან გამართული ორი ამხანაგური მატჩიდან მხოლოდ მეორე თამაშის მეორე ტაიმი ითამაშა. გაუშვა ერთი გოლი, გააკეთა ერთი ე.წ. „პრეასისტი““, – წერია გავრცელებულ წერილში.



