<<>>

ქეცბაიას სლოვენიასთან თამაშისთვის განაცხადში ახალგაზრდები შეჰყავს

სიახლეები / ფეხბურთი / საქართველო 24-ოქტ, 20:479 admin 1765


საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაც თემურ ქეცბაიას სლოვენიასთან 17 ნოემბრის ამხანაგური მატჩისთვის შემადგენლობა ჯერ არ გამოუცხადებია, თუმცა, “მსოფლიო სპორტმა” რამდენიმე ახალწვეულზე შეიტყო.
აკაკი ხუბუტია, თორნიკე ოქრიაშვილი, გოჩა ხოჯავა, გიორგი ძაძამია და გურამ გურეშიძე – ამ ფეხბურთელებს არათუ ქეცბაიას მწვრთნელობის პერიოდში, საერთოდ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში არასოდეს უთამაშიათ.
შეხსენებისთვის, ქეცბაია 30 ფეხბურთელს გამოიძახებს თბილისურ შეკრებაზე, ხოლო სლოვენიაში 22-ს წაიყვანს. საქართველოს ნაკრები 10 ან 11 ნოემბერს დაიწყებს ვარჯიშს, მატჩი კი სლოვენიის ქალაქ კოპერის “ბონიფიკას” სტადიონზე გაიმართება, რომელიც სულ 4 500 მაყურებელს იტევს.
ზედაპირულად ვთქვათ ამ ფეხბურთელებზე: 24 წლის ხუბუტია რუმინეთის უმაღლესი ლიგის “გაზ მეთანის” ცენტრალური მცველია. გუნდში მუდმივად, შეუცვლელად თამაშობს და მთლიანად რუმინულ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა ორთაბრძოლების მოგების მხრივ. ხუბუტიას “გაზ მეთანი” კარგ სეზონს ატარებს, ცხრილის ზედა ნაწილშია და ცოტა გოლს უშვებს, რაც დიდწილად დაცვის (მათ შორის, ხუბუტიას) დამსახურებაა.
თორნიკე ოქრიაშვილი 18 წლისაა. ის შარშან ამ დროს გამოჩნდა “გაგრაში”, სულ რამდენიმე მატჩი ჩაატარა და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში მიიწვია ოთარ გაბელიამ. გამოიცნო კიდეც. ოქრიაშვილი დონეცკის “შახტარის” დუბლებშია და დიდი შანსია, ზამთარში მირჩა ლუჩესკუს გუნდში (ანუ, ძირითადში) გადაიყვანონ. თორნიკე იჯარითაა “შახტარში”, მაგრამ დონეცკელებს მისი შეძენა სურთ.
გოჩა ხოჯავა ერთ დროს ყველაზე იმედისმომცემი ნახევარმცველი იყო საქართველოში, ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და გამორჩეულთაგანი გახლდათ. ამჟამად რუსეთის პირველი დივიზიონის “ვოლგაშია”, არადა, გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს. ტექნიკური ხოჯავა ქეცბაიას გაწვრთნილ “ანორთოსისშიც” იყო (როცა სწორედ ქეცბაია თავკაცობდა), მაგრამ მცირე ხნით.
გურამ კაშია ქეცბაიამ ერთხელ უკვე ათამაშა – ესტონეთთან წლევანდელ ამხანაგურში ბოლო წუთებში შეიყვანა შეცვლაზე. ჰოლანდიურ “ვიტესის” მცველია. თავიდან მარჯვენა ფლანგზე ათამაშებდნენ, ბოლო შეხვედრაში კი დაცვის ცენტრში იდგა – ესაა მისი ძირითადი პოზიცია. 23 წლის გურამი “ვიტესამდე” თბილისის “დინამოში” თამაშობდა და საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო უკანახაზელიც გახლდათ.
ამ ლეგიონერების გამოძახება მოსალოდნელიც იყო. ქეცბაია ხომ სლოვენიასთან მატჩს ევროჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მომავალი წლის მატჩებისთვის მოსამზადებლად განიხილავს. ამ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული – ვნახოთ, როგორ ითამაშებენ კოპერში და ამის შემდეგ, შესაძლოა, დამკვიდრდნენ კიდეც ეროვნულ გუნდში.
მეკარე გიორგი ძაძამია და ნახევარმცველი გურამ გურეშიძე – ქეცბაიას გაფართოებულ სიაში “ვიტ ჯორჯიას” ეს ფეხბურთელებიც მოხვდნენ. 22 წლის ძაძამია სულაც სადებიუტო სეზონს ატარებს ვეტერინარებში, 21 წლის გურეშიძე კი შარშანაც იყო ამ გუნდში, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ამ სეზონში მოიკიდა ფეხი.
ცნობისთვის, “ვიტ ჯორჯიადან” ირაკლი კლიმიაშვილიც მიწვეულია სასლოვენიო შეკრებაზე.
შესაძლოა, შეკრებაზე სხვა დებიუტანტებიც გამოჩნდნენ, ჯერჯერობით კი, ეს ინფორმაცია მოვიპოვეთ. ქეცბაია სრულ შემადგენლობას, ალბათ, ოქტომბრის ბოლო დღეებში გამოაცხადებს


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
beqa_beqa 25 ოქტომბერი 2010 00:46
ხოჯავას ვიცნობ ჩემი უბნელია მართლა მაგარი ტეხნარია
CHELSEA 24 ოქტომბერი 2010 23:54
იმედია მოვიგებთ, თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს smile



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აგვისტო 2020 (29)
ივლისი 2020 (166)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (210)
მარტი 2020 (653)
სიტი-რეალი