ქართველი ჩემპიონის შონ ო'მალისთან რევანშამდე 2 კვირა რჩება.
მშვიდად ჩატარებული ე.წ. მოსამზადებელი “კემპი” მერაბ დვალიშვილისთვის ისეთივე ანომალიაა, როგორც ბრძოლაში დაღლა. ბოლო დროს MMA მოყვარულები თითქოს მიჩვეულები არიან, რომ სუპერმსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი ბრძოლისწინა პერიოდში სხვადასხვა სახის დაზიანებას იღებს, რომელიც შემდეგ დაპირისპირების განხილვის და ანალიზის დიდი ნაწილი ხდება. ასე მოხდა დვალიშვილის და ო'მალის UFC Noche-ზე პირველი შეხვედრის წინ, როდესაც ქართველს, ჭრილობის გამო, წარბზე ნაკერები დაადეს. მსგავსი პრეცედენტი გამეორდა უმარ ნურმაგომედოვთან ბრძოლის წინ, როდესაც გულშემატკივრების დიდი ნაწილი დვალიშვილის ფეხის ტრავმის გამო ღელავდა.
და, როგორც ჩანს, შონ ო'მალისთან მეორე ბრძოლის წინ შერეული ორთაბრძოლების ქართველ მოყვარულებს იგივე ბედი ელით. რამდენიმე საათის წინ ინტერნეტში გავრცელდა დვალიშვილის და მისი გუნდის ვარჯიშის ვიდეო, სადაც კარგად ჩანს მებრძოლის ფეხის თითის ტრავმა, რომელიც მან სპარინგის დროს მიიღო. ვიდეოში ისმის, როგორ ეკითხება ჩემპიონი თანაგუნდელს “ მეგობარო, თითი რატომ მომიტეხე?”, რაზეც ამერიკელი პასუხობს, რომ დვალიშვილმა ტრავმა მაშინ მიიღო, როდესაც მისთვის თავში ფეხის დარტყმას ცდილობდა. მოკლე ვიდეო მთავრდება ქართველი ჩემპიონის ხუმრობით - “არა უშავს, მოვიჭრი”.
წყარო: ge.betsson.sport



