UFC-ს პრეზიდენტმა, დანა უაითმა Full Send Podcast-ში საუბრისას განაცხადა, რომ თუ მსუბუქი წონის (70კგ) ყოფილი ჩემპიონი ისლამ მახაჩევი ქვესაშუალო დივიზიონში (77კგ) ქამარს მოიპოვებს, მასა და ილია თოფურიას შორის სუპერბრძოლა გაიმართება.
„ველით კიდევ ერთ საოცარ დაპირისპირებას – ილია ისლამის წინააღმდეგ. თუ მახაჩევი ქამარს დაეუფლება, მასა და თოფურიას შორის სუპერბრძოლა გაიმართება. მედია ყოველთვის ცდილობს, ბევრი ისაუბროს ბრძოლებზე იქამდე, სანამ ისინი რეალურად შედგება. თუმცა არასდროს იცი, წინასწარ რა მოხდება“, – განაცხადა დანა უაითმა.
ოფიციალურად დადასტურებული არ არის, მაგრამ, მოვლენების განვითარების გათვალისწინებით, მახაჩევი ჯეკ დელა მადალენას დაუპირისპირდება, რომელმაც ბელალ მუჰამედი დაამარცხა და ქვესაშუალო წონის ახალი ჩემპიონი გახდა.
ისტორიაში პირველად, UFC-ს ყველა წონის გაერთიანებულ რეიტინგს (P4P) სათავეში ქართველი მებრძოლი ჩაუდგა. ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირას დამარცხების შემდეგ რეიტინგში პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა, ხოლო მეორე ადგილზე სწორედ რეიტინგის ყოფილი ლიდერი ისლამ მახაჩევი გადავიდა.
წყარო: 1tv-sport



