საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ ერთა ლიგაზე ჩეხეთსა და ალბანეთთან მოახლოებულ შეხვედრებზე კომენტარი გააკეთა:
„ჩეხეთის ნაკრები ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია და სტანდარტული მდგომარეობების დროს სახიფათოები არიან. ასეთი სტილის გუნდს ფიზიკური წინააღმდეგობა აუცილებლად უნდა გაუწიო. ვფიქრობ, ეს თამაში დიდ ენერგიას წაიღებს.
რეალობას უნდა დავუბრუნდეთ. რა თქმა უნდა, უკეთესი გუნდი გავხდით, თუმცა ამ ჯგუფში იოლი თამაშები არ გვექნება. ოთხივე გუნდი ძალიან თანაბარია, მაგრამ ჩვენ ჯგუფის მოგებაზე უნდა ვიფიქროთ. მაქსიმალური შედეგის მისაღწევად ყველა მეტოქესთან ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ“, - აღნიშნა გურამ კაშიამ.
სექტემბრის სანაკრებო პაუზისას საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს – 7 სექტემბერს „მიხეილ მესხზე“ ჩეხეთს უმასპინძლებს, ხოლო 10 სექტემბერს ტირანაში ალბანეთს ესტუმრება.
წყარო: digest.ge