საამაყო ქართველი სპორტსმენის რიგებში უდავოდ დიდი ადგილი უჭირავს ძალოსან ლაშა ტალახაძეს, რომელმაც საქართველოს სახელით არაერთხელ იასპარეზა მსოფლიოში.
დღეს ცნობილმა სპორტსმენმა კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა წარმატებისკენ და მან ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ატაცის ვარჯიშის შემდეგ პირველ ადგილზეა.
პირველ ცდაზე 208 კგ, მეორეზე 215 კგ, მესამეზე კი 223 კგ ასწია.
აღსანიშნავია, რომ ატაცში 223 კილოგრამის აწევით ლაშამ +109 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდები დაამყარა.
დღეს ის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
„დაიჯესტი“ ამ ბლოგში სწორედ ლაშა ტალახაძის პირადზე მოგიყვებით, როგორია ძალოსნის ცხოვრება.
კარიერა
ლაშა ტალახაძე დაიბადა 1993 წლის 2 ოქტომბერს საჩხერეში. 2013 წელს ტალახაძემ დოპინგის გამო ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.
2016 წელს მან, საქართველოს საუკეთესო სპორტსმენის სტატუსი მიიღო.
პატარაობისას როგორი იყავი? რა მისწრაფებები გქონდა, რა ოცნებები?
- სიმართლე გითხრათ, შრომისმოყვარე ვიყავი და მიყვარდა, მშობლებს რომ ვეხმარებოდი. სპორტის რამდენიმე სახეობაში მოვსინჯე ძალები, მაგრამ საბოლოოდ ძალოსნობით დავინტერესდი. ვფიქრობდი, რომ ოდესმე მეც გავხდებოდი დიდი სპორტსმენი, რატომღაც თავიდანვე მჯეროდა წარმატების. 15 წლამდე რაიონში ვიზრდებოდი, საჩხერეში. ისე მიყვარდა იქაურობა, თბილისისკენ გამოხედვაც არ მინდოდა, მაგრამ მერე ნაკრებში რომ გამომიძახეს, იძულებული გავხდი წამოვსულიყავი. იქაურობა დღემდე განსაკუთრებულია ჩემთვის. ახლაც ხშირად ვფიქრობ იმ წლებზე, მენატრება იქ გატარებული თითოეული წუთი და ვამბობ ხოლმე, რომ ჩვენი ბავშვობა იყო ნამდვილი და საუკეთესო.
ოჯახი
ლაშა ტალახაძემ, თავისი ცხოვრების მთავარი ბრძოლა ანი დემურიას გულის მოსაგებად გამართა და, როგორც სპორტში, აქაც გაიმარჯვა. წყვილმა ოჯახი 2018 წელს შექმნა, დღეს კი 2 შვილი ჰყავთ.წყვილმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა.
მათი ქორწილი მომღერალმა ლაშა ღლონტმა გახსნა. მღეროდნენ "ქართული ხმები", გიორგი სუხიტაშვილი, რეპერი ზაზა ნოზაძე, რომელიც სპორტსმენის ბავშვობის მეგობარი ყოფილა და სხვები. სადღესასწაულო სუფრის თამადა სპორტსმენების ექიმი ზურა კახაბრიშვილი იყო.
ანის და ლაშას ქორწილში თითქმის ყველა სპორტსმენმა მოიყარა თავი. სტუმრებს შორის იყვნენ ზაზა ფაჩულია, გენო პეტრიაშვილი, რამაზ ნოზაძე, ლადო ხინჩეგაშვილი, გიორგი ასანიძე და სხვები.
ლაშა საყვარელი ქალის გამო ერთ კომპრომისზე უკვე წავიდა – მოგზაურობა არ უყვარს, საქართველოში ყოფნა ურჩევნია, ანის ხათრით კი თაფლობისთვის გასატარებლად შორეულ მალდივებზე გაემგზავრა.
„ჩვენს გაცნობას დიდი ისტორია არ აქვს. მისი სურათი სოციალურ ქსელში ვნახე და დავინტერესდი. ანის ჩემი მეგობარი იცნობდა. ჩამივარდა გულში, თუმცა ის პერიოდი ძალიან დატვირთული ვიყავი, ტურნირებიდან ახალი ჩამოსული გახლდით. შემდეგ მცდელობა მქონდა გაცნობის, მაგრამ უშედეგოდ, ანი იგნორირებას მიკეთებდა.
მერე ბათუმში შემთხვევით შევხვდით და ერთმანეთი მოვიკითხეთ. ამის შემდეგ, სიმართლე გითხრათ, ცოტა კიდევ მაწვალა. ალბათ მერე თავადაც ჩავუვარდი გულში და, საბოლოო ჯამში, ჩვენი სიყვარული დაოჯახებით დაგვირგვინდა“, - ამბობს ლაშა ერთ-ერთ ინტერვიუში.
„შვილთან საურთიერთოდ ცოტა დრო მაქვს, თორემ ცუდი მამა არ ვარ. ჩემს მეუღლეს და ბავშვებს უმეტესად მარტო უწევთ ყოფნა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მეუღლის სახით, მხარში მიდგას ადამიანი, რომელიც ხელს მაქსიმალურად
მიწყობს. როცა სახლში ვარ, შემიძლია ბავშვებს დამოუკიდებლად მოვუარო, ვაჭამო, გამოვუცვალო, გავართო... ღამეც ბევრჯერ ავმდგარვარ და მიმიხედავს“, - ამბობს სპორტსმენი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ბრალდება
2020 წელს გერმანელმა ჟურნალისტმა ჰაგო სეპელტმა დოკუმენტურ ფილმში ქართველი ძალოსნის, ლაშა ტალახაძის მიმართ ცრუ ბრალდება გააჟღერა, რასაც საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია არგუმენტირებულად გამოეხმაურა.
„მსურს გამოვეხმაურო რამდენიმე დღის წინ გერმანელი ჟურნალისტის, ჰაგო სეპელტის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმს, რომელშიც ქართველი ძალოსნის, ლაშა ტალახაძის მიმართ ცრუ ბრალდება გაჟღერდა.
თავდაპირველად მსურს ჟურნალისტიკის მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემა გამოვხატო. მოგეხსენებათ, მედია უნდა ეყრდნობოდეს ფაქტებს და ფართო აუდიტორიამდე მიწოდებულ მასალას არგუმენტირებულად ასაბუთებდეს. სამწუხაროდ, ჰაგო სეპელტმა ყოველგვარი დასაბუთებული არგუმენტის და ფაქტის იგნორირების ხარჯზე საზოგადოებას მიაწოდა აღმაშფოთებელი საკითხი, თითქოსდა, ლაშა ტალახაძეს არასოდეს
ჩაუბარებია არასაშეჯიბრო სინჯები რიოს ოლიმპიადამდე, რაც აბსოლუტური სიცრუეა და რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც, რა თქმა უნდა, მოგვეპოვება, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ.
ვარ საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორი. მქონდა პატივი, პირადად გამეცა აკრედიტაციები გერმანელი ჟურნალისტების ჯგუფისთვის, გრიტ ჰარტმანის ხელმძღვანელობით. მახსოვს ის დღე, როდესაც ეს ქალბატონი შემოვიდა აკრედიტაციის ოთახში და აკრედიტაციების მიწოდებასთან ერთად შევთავაზე დახმარება ნებისმიერი ადეკვატური თხოვნის შესაბამისად.
იმ შემთხვევაში, თუ გრიტ ჰარმანს რაიმე დოკუმენტაცია სჭირდებოდა ან კითხვა ჰქონდა, ამის კიდევ ერთი კომფორტული შანსი გააჩნდა, როდესაც პატაიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე ვიმყოფებოდით და სადაც ჩვენი გზები კიდევ ერთხელ გადაიკვეთა. ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო არც ერთი გერმანელი ჟურნალისტი არასოდეს მიახლოებია ლაშა ტალახაძეს ან საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის სხვა ოფიციალურ წარმომადგენელს საჭირო ინფორმაციის მისაღებად.
მაინტერესებს გავიგო, რა იყო ამ შოუს დადგმის მიზანი, რას ემსახურებოდა ეს ყოველივე? ფართო აუდიტორიაზე მანიპულირებას?
ლაშა ტალახაძე გთავაზობთ ADAMS ჟურნალის ინფორმაციას, რომელიც შეიძლება მარტივი და ეფექტური რესურსი იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. ხაზგასმულია თარიღები 2015-16 წლებში, სწორედ არასაშეჯიბრო სინჯების შეგროვების პერიოდი, როდესაც ARD-მა განაცხადა, რომ ლაშა ტალახაძე არ შემოწმებულა ვარჯიშების პერიოდში.
"იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია საკმარისია იმის გასაგებად, თუ რამდენად დიდია სინჯების აღების სიხშირე. მსურს ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო ჩემს თანამებრძოლებს ტოკიო 2020-ის გზაზე", - ლაშა ტალახაძე.
ჯერ კიდევ მაქვს იმედი, ჰერ ჰაგო სეპელტს ეყოფა გამბედაობა, გადახედოს თავის დამადანაშაულებელ განცხადებებს, ჭეშმარიტებისა და ეთიკური პრინციპების დაცვის მიზნით. საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია მზად არის, ითანამშრომლოს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან", - წერს საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დავით ყიფშიძე.
„ასეთი მაგარი ბიჭი სადმე გადაგეყრება, დედას უტირებ, მერე შენი ბრალია, ძალადობ ან კუნთებზე იყურები ???მინდა მადლობა გითხრათ მეგობრებო გვერდში დგომისთვის. ამასთან ერთად, მინდა, გთხოვოთ, რომ არ მიაქციოთ ყურადღება ასეთ უმადურ და გაბოროტებულ ადამიანებს. მათ სურთ მაგარი ბიჭები გამოჩნდნენ და პიარი გაიკეთონ არა ჯანსაღი კრიტიკით:)” – წერს ლაშა ტალახაძე.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტმა ზუკა ბერძენიშვილმა საქართველოს მთავრობის „ფეისბუკგვერდზე” გამოქვეყნებული ინფორმაციისა და ფოტოს გამო, მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ტალახაძე გააკრიტიკა და სოციალურ ქსელში დაწერა:
„ადამიანად თუ არ ვარგიხარ, რა ჯანდაბად მინდა შენი მიღწევები და ჩინ-მედლები. ბავშვებმა უნდა შემოგხედონ, მაგალითი უნდა აიღონ, ეგეთი უზნეო თუ ხარ, მირჩევნია ვერაფერს მიაღწიო ცხოვრებაში, რომ მახინჯი გავლენაც ვერავისზე გქონდეს… მოძალადისთვის მიჩენილი ადგილი გაცილებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის, ვიდრე თუნდაც ოლიმპიადაზე გაჟღერებული საქართველოს ჰიმნი. თორემ ეგრე სიმძიმე ჩემი მეზობელი კოსტას მხრებზე უნდა ნახო, მაგრამ რა უნდა შესთავაზონ რო გახარიას ამოუდგეს გვერდში გაბადრული. კაშიას ერთი სუფთა ვარდნა რომ მირჩევნია ტალახაძის ყველა აქამდე დამყარებულ თუ აწი დასამყარებელ რეკორდს, მაგას მოგახსენებთ. და თუ ვინმე ვერ აცნობიერებს ამისთანას მაინც რას ვერჩი, იმ გულის ამრევი ფოტოს (იმდენად, რომ არც ვაზიარებ) ქვეშ Natia Letodianiს მიერ დასმულ შეკითხვას გავიმეორებ:
კარგია ორი თვალით ცხოვრება ბიჯებო?!. ?
#ფუ” წერს ზუკა ბერძენიშვილი.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 2019 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის ტიტულის მფლობელებს შეხვდა და გამარჯვება პირადად მიულოცა. პრემიერმა ლუხუმ ჩხვიმიანს, ლაშა ტალახაძეს, ბექა ლომთაძეს, ნუგზარ წურწუმიასა და ლაშა გობაძეს სპეციალურად მათთვის გამართულ ვახშამზე უმასპინძლა, რომელსაც ასევე თავისუფალი სტილით მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილიც ესწრებოდა.
წყარო: digest.pia.ge