დღის ახალი ამბები

კოვტალიუკი: "უკრაინა უფრო ძლიერია და საქართველოსთან მოვიგებთ"

კოვტალიუკი: "უკრაინა უფრო ძლიერია და საქართველოსთან მოვიგებთ"
10-10-2024, 14:37

პოლტავას „ვორსკლას“ თავდამსხმელი მიკოლა კოვტალიუკი, რომელიც გორის „დილაში“ და „დინამო თბილისში“ თამაშობდა, უკრაინულ მედიას საქართველოს ნაკრებზე ესაუბრა.
როგორც მან თქვა, საქართველო ახლა კარგი გუნდია, მაგრამ უკრაინა მაინც გაიმარჯვებს.
„სხვათა შორის, ახლახან გამოვთვალე, რომ 2017 წელს, როცა საქართველოში თამაში დავიწყე, მაშინ ჩემპიონატში ერთდროულად 17 ფეხბურთელი თამაშობდა, რომლებიც ახლა ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავენ. მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეს - გიორგი მამარდაშვილს, რომელიც „ლივერპულს“ ეკუთვნის და „ვალენსიაში“ იჯარითაა - მაშინ, როცა ის ჯერ კიდევ თბილისის "ლოკომოტივის" მეკარე იყო, მე კი "დილაში" ვთამაშობდი, გოლი გავუტანე. იგივეს ვუსურვებ უკრაინის ნაკრებს 11 ოქტომბერს პოზნანში.
ჩვენი გზები საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ ლიდერთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან, „დინამოში“ გადაიკვეთა და ბუდა ზივზივაძეს კარგად ვიცნობ, 2018 წლის ჩვენი დაპირისპირებიდან საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირის ტიტულისთვის. ზივზივაძემ „დინამო თბილისში“ 35 მატჩში 22 გოლი გაიტანა და ბომბარდირი გახდა, ვერცხლის ბუცი კი მე 21 გოლით ავიღე, თუმცა სხვადასხვა მიზეზით „დილაში“ ოთხი მატჩით ნაკლები ჩავატარე.
კლუბებისგან განსხვავებით, საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებები საერთაშორისო ასპარეზზე საკმაოდ კარგად გამოდიან. სწორედ აქ ჩნდებიან ეს ფეხბურთელები და მყარდება კონტაქტები მათთან, რის შემდგომაც ევროპაში მიდიან. გარდა ამისა, ბოლო წლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაიწყო სერიოზული თანხების ინვესტიცია ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მომუშავე სამწვრთნელო შტაბის მომზადებაში.
ადრე ადგილობრივი ფეხბურთელების პრობლემა პროფესიონალიზმის ნაკლებობა იყო. მათთვის მთავარი იყო ტრიბუნებიდან აპლოდისმენტების მოპოვება და ბურთის დაკარგვის შემდეგ დაცვაში არ ბრუნდებოდნენ. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. საქართველოს ნაკრები ძალიან დისციპლინირებულად მუშაობს და იცის, როგორ გაუძლოს, როგორ დაიცვას თავი, თუმცა პირველივე შესაძლებლობისთანავე სწრაფად გადადის შეტევაზე. რა თქმა უნდა, ერთი რამ, რასაც ქართველებს ვერ წაართმევთ, არის ის, რომ ბურთთან მეგობრული ურთიერთობა აქვთ. ევრო 2024-ზე ბოლო წარმატების შემდეგ, თავდაჯერებაც მოემატათ. თითოეულ რგოლს ჰყავს ლიდერები: მეკარე გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიიდან“, მცველი გურამ კაშია „სლოვანიდან“, ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდიდან“, ფორვარდები ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიდან“ და გიორგი მიქაუტაძე „ლიონიდან“.
გუნდში შესანიშნავი გარემოა, რაზეც სამწვრთნელო შტაბი ფრანგი ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით ზრუნავს. ის საქართველოში 2021 წლიდან არის. თავიდან ყველაფერი კარგად არ მიდიოდა, მაგრამ თანდათანობით მან ფეხბურთელებთან საერთო ენა გამონახა და მისი პოზიციაც გაძლიერდა.
სუსტი წერტილები როგორ არ აქვს, საკმაოდ ნელი მცველები ჰყავს, განსაკუთრებით ცენტრალური მცველები, თუმცა ფიზიკურად ძლიერები არიან. პოზიციურ ბრძოლაში ქართველების გადალახვა რთული იქნება. მიზანშეწონილია მაღალი პრესინგის გამოყენება, რათა მათ მოედანზე დარჩენა გაურთულდეს, და შეცდომების დაშვება აიძულონ.
არა მგონია ფავორიტი საქართველო იყოს. უკრაინას უფრო დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს, მიუხედავად გარკვეული დანაკლისისა, მაგრამ მთავარი ფეხბურთელები გუნდში არიან. საბოლოო ჯამში, ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, უკან დასახევი გზა არ გვაქვს, ეს ნამდვილად ფინალური მატჩი იქნება. ვფიქრობ, უკრაინა გაიმარჯვებს - 2:1“, - თქვა კოვტალიუკმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა-საქართველოს მატჩი 11 ოქტომბერს გაიმართება. ჯგუფში ვილი სანიოლის გუნდი 6 ქულით ლიდერია, ხოლო სერგეი რებროვის გუნდი უქულოდ აუტსაიდერი. საქართველოს უკრაინა არასდროს დაუმარცხებია - 0 მოგება, 3 ფრე, 6 წაგება.

წყარო: worldsport.ge




გაზიარება
მოინახულეს 203-ჯერ
კომენტარები
რეკლამა