დღის ახალი ამბები

საქართველოში სიარულით ფეხბურთის ასოციაცია დაფუძნდა

საქართველოში სიარულით ფეხბურთის ასოციაცია დაფუძნდა
3-06-2021, 09:16

ეს არც ხუმრობაა და არც – ტყუილი. გინდა დაიჯერეთ, გინდ არა და საქართველოში სიარულით ფეხბურთის ასოციაცია დაფუძნდა, – ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის დამფუძნებელმა, სპორტულ სამყაროში ცნობილმა მენეჯერმა ზურაბ ბოქოლიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„რამდენიმე დღის წინ დაფუძნდა „საქართველოს სიარულით ფეხბურთის ასოციაცია“. წავა ხუმრობები, საჩვენო სპორტია, ჩვენები ისედაც დადიან და მსგავსი, მაგრამ სერიოზულად ასეა. ეს არის 2011 წელს ინგლისში შექმნილი ფეხბურთის ვერსია, რომლის უპირველესი მიზანია ასაკში შესული მოსახლეობის ფიზიკური სიჯანსაღის გაუმჯობესება. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში, თითქმის არ არსებობს პროგრამა ან რაიმე ზოგადი კონცეფციაც კი, რომელიც იზრუნებდა ასაკოვანი მოსახლეობის ფიზიკურ აქტივობაზე. არადა პრობლემა უმწვავესია, კოლოსალურად იზრდება საბიუჯეტო ხარჯები საყოველთაო დაზღვევის ხარჯზე, რომლის შემცირებაც მხოლოდ პრევენციული ღონისძიებების გზითაა შესაძლებელი. მნიშვნელოვანია ასევე სოციალიზაციის ფაქტორი, ემოციური, როდესაც ისევ იმ აზარტს განიცდი რაც ახალგაზრდობაში გქონდა“, – წერს ბოქოლიშვილი.
მან ასოციაციაის დამფუძნებლებიც ახსენა.
„ჩვენი გუნდის ძალიან დიდი გამოცდილება სპორტული ღონისძიებების ორგანიზების კუთხით, არის გარანტი რომ შევძლებთ ძალიან მოკლე დროში პოპულარული გავხადოთ სპორტის ეს შესანიშნავი სახეობა. რა თქმა უნდა, გვექნება მჭიდრო კოოპერაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან, ვწევრიანდებით „სიარულით ფეხბურთის მსოფლიო ფედერაციაში“ და ბევრ საინტერესო პროექტს შემოგთავაზებთ“. ორგანიზაცია რამდენიმე დღის წინ დაფუძნდა და მთავარი მიზანია რეგულარული ტურნირების, ღონისძიებების ორგანიზების გზით ჩართოს რაც შეიძლება მეტი ასაკოვანი ადამიანი ფიზიკური აქტივობის ამ მიმზიდველ ფორმატში. ასოციაციის პრეზიდენტია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი ზურაბ აგლაძე, გენერალური მდივანი – კი მე გახლავართ“.
ზურაბ ბოქოლიშვილი „სიარულით ფეხბურთის“ შესახებ გვესაუბრა.
„საფუძველი ჩაეყარა 2011 წელს ინგლისში, ჯონ კროოტის მიერ და ასაკოვანი მოსახლეობის საყვარელ გასართობად იქცა. ჯანსაღი ცხოვრების წესი, სოციალიზაცია, დადებითი ემოციები… სწორედ ამიტომ მოიპოვა სპორტის სახეობამ მსოფლიო აღიარება და დღეს „სიარულით ფეხბურთის მსოფლიო ფედერაციაში“ გააწევრიანა ბევრი ქვეყანა: ინგლისი, იტალია, აშშ, საფრანგეთი, კანადა, ავსტრალია, იაპონია, ბრაზილია, ესპანეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, უელსი და სხვა. სულ მალე საქართველოც გახდება სრულუფლებიანი წევრი და ბევრ საინტერესო, ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებების მომსწრე გავხდებით“.

ავტორი - მერაბ მამულაშვილი

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი




გაზიარება
მოინახულეს 1 112-ჯერ
კომენტარები
რეკლამა