სომხეთისა და საქართველოს მატჩის წინ კომენტარი ვილი სანიოლმა გააკეთა, სადაც რამდენიმე საინტერესო თემასთან ერთად გუნდის ტაქტიკაზე ისაუბრა.
ფრანგი მწვრთნელის განცხადებით მოსალოდნელია, რომ ჩვენმა ნაკრებმა უახლოეს მომავალში სათამაშო ტაქტიკა შეცვალოს.
""ეს დერბია და ასეთი ტიპის თამაშებში ფავორიტი არ არსებობს. ორივე გუნდისთვის რთული მატჩი იქნება, თუმცა მეტოქის მოედანზე ვთამაშობთ და სომხეთს გულშემატკივრების დიდი მხარდაჭერა ექნება. მიუხედავად ამისა, ჩემი ფეხბურთელები მზად არიან ბრძოლისთვის და კარგი ფეხბურთის სათამაშოდ.
ბოლო წლებში ძირითადად ერთი ტაქტიკით ვთამაშობდით, რამაც დიდ წარმატებამდე მიგვიყვანა, თუმცა ფეხბურთი წინ მიდის და მუდმივად ცვლილებებს მოითხოვს. ყოველთვის სიახლეა საჭირო. ასე რომ, უახლოეს მომავალში გარკვეულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ.
ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე რთულია იგივე სტილით ითამაშო, რადგან განსაკუთრებული ფეხბურთელია. თუმცა, ვინც არ უნდა იყოს მოედანზე, ჩემთვის მთავარია როგორ გამოიყურება მთლიანი გუნდი. როგორ თამაშობს ბურთით და ბურთის გარეშე. სწორედ ეს არის მთავარი და არა მოთამაშეთა სახელები. შესაძლოა, ოქტომბერსა და ნოემბერში გვაკლდა ჩვენი გუნდური სულისკვეთება და დისციპლინა, რაც ახლა უნდა გამოვასწოროთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის მატჩის სასტარტო წუთები იქნება, რადგან ბოლო მატჩებში სწორედ ამ პერიოდში არ ვიყავით სათანადო დონეზე.
ერთა ლიგის 2022 წლის გათამაშებიდან მოყოლებული ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერა გასვლით მატჩებში განსაკუთრებულად იგრძნობა. მაგალითად ბულგარეთში, გაცილებით მეტნი იყვნენ, ვიდრე ადგილობრივი გულშემატკივრები და ეს საოცარი მხარდაჭერა იყო. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. მათი მხარდაჭერა გვჭირდება უკეთ სათამაშოდ. ისინი ჩვენგან ყოველთვის მეტს ითხოვენ და იმსახურებენ ამას. ბედნიერი ვარ, რომ ხვალ კიდევ ერთხელ ვნახავთ მათ და ისევ ისე ვიგრძნობთ მათ მხარდაჭერას, როგორც ეს ხშირად ყოფილა ბოლო წლების განმავლობაში". - აცხადებს ვილი.
წყარო: nakrebi.ge



