გამოცემა Levante-EMV იუწყება, რომ წინასასეზონო ამხანაგური შეხვედრების („კასტელონთან“ 1:2 და „ლეგანესთან“ 0:0) შემდეგ „ვალენსიას“ სუსტი მხარეები აშკარად გამოიკვეთა. მწვრთნელ კარლოს კორბერანის შეფასებით, გუნდს მინიმუმ ექვსი ახალი მოთამაშე სჭირდება: ორი მცველი, ორი ნახევარმცველი და ორი თავდამსხმელი.
საკადრო პრობლემების ფონზე, კორბერანმა კლუბის ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ მოსთხოვა ქართველი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის დამატება.
გამოცემა GOL Digital-ის ცნობით, შესაძლოა, გუნდს ხავი გერა დაემშვიდობოს. ამასთან, გადასაწყვეტია დიეგო ლოპესისა და სესარ ტარეგას კონტრაქტების გახანგრძლივების საკითხიც. კლუბის გენერალური დირექტორი, რონ გურლი, „უოტფორდთან“ მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს ჩაკვეტაძის იჯარის და შემდგომი გამოსყიდვის პირობებზე.
წყაროს თანახმად, ჩაკვეტაძე ტექნიკური მონაცემებით გამოირჩევა და სწორედ მისნაირი შემტევი სჭირდება „ღამურებს“. ტრანსფერის განხორციელება დროულად უნდა მოხდეს, რადგან სეზონის დაწყებამდე დრო შეზღუდულია.
ცნობისთვის, ქართველ ფეხბურთელს „უოტფორდთან“ მოქმედი კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. გასული სეზონის ბოლოს მიღებული ტრავმის გამო, იგი ჯერჯერობით ვერ მონაწილეობს წინასასეზონო სპარინგებში.
გიორგი ჩაკვეტაძე, ჩაკვეტაძე, ვალენსია, ლა ლიგა, giorgi chakvetadze, chakvetadze



