ქართველი მებრძოლებისთვის 2025 წლის დასაწყისი დატვირთული გამოდგა. მერაბ დვალიშვილის და ალექსანდრე თოფურიას აქტიური ზამთრის მერე, გაზაფხულიც არანაკლებ საინტერესოდ გამოიყურება: გიგა ჭიკაძეს და რომან დოლიძეს ბრძოლების შემდეგ, გურამ ქუთათელაძის (13-4) შემდეგი შეხვედრაც ჩაინიშნა.
როგორც რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი, "ქართველი ვიკინგი" ოქტაგონზე UFC London-ის ტურნირზე დაბრუნდება, ხოლო მისი მეტოქე ბრაზილიელი კაუე ფერნანდესი (9-2) იქნება. აღსანიშნავია, რომ მებრძოლებმა ბოლოს ერთ ტურნირზე იასპარეზეს - 3 აგვისტოს ჩატარებულ UFC Abu Dhabi-ზე. ქუთათელაძემ მაშინ ჯორდან ვუჩენიკი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა, ხოლო ფერნანდესი მოჰამედ იაიას პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოუგო.
UFC Fight Night London ინგლისის დედაქალაქში 22 მარტს გაიმართება, ხოლო მთავარი ბრძოლის როლს ქვესაშუალო წონის ყოფილი ჩემპიონის, ლეონ ედვარდსის და ახალგაზრდა პრეტენდენტის, შონ ბრეიდის ჯახი შეასრულებს.
წყარო: europop.ge



