შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ინტერპოლმა, ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, რატი ალექსიძე დააკავა. ალექსიძის დაკავება დიდი ფულის, შესაძლო თაღლითური გზით მითვისების საქმეზე, რამდენიმე დღის წინ უცხო ქვეყნის საზღვარზე მოხდა, როცა ალექსიძე მეუღლესთან ერთად შვილს საფეხბურთო ბანაკში მიყვებოდა.
შაბათის ფორმულას წყარო უყვება, რომ ფეხბურთელს ინტერპოლი ეძებდა - საპასპორტო კონტროლზე მას მესაზღვრეებმა ქუდის მოხდა მოსთხოვეს - მას შემდეგ რაც დარწმუნდნენ, რომ საზღვრის გადაკვეთას რატი ალექსიძე ცდილობდა, ის დააკავეს. შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ალექსიძე საერთაშორისო გამოძიების შედეგებს გერმანიის ციხეში ელოდება.
ფეხბურთელის ოჯახი და მისი ინტერესების დამცველი კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ადასტურებენ, რომ რატი ალექსიძე დაკავებულია. ალექსიძე თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ქვისლი და თბილისის მერის კახა კალაძის ახლო მეგობარია.
შაბათის ფორმულას წყაროს თქმით, დაკავების შემდეგ ალექსიძის ოჯახმა დასახმარებლად, ახლო ნათესავს - ჯუანშერ ბურჭულაძეს მიმართა. ფეხბურთელისა და თავდაცვის მინისტრის მეუღლეები დები არიან. ჯუანშერ ბურჭულაძის კავშირებზე ქოლცენტრებთან ნაციონალურ მოძრაობაში ჯერ კიდევ გასულ წელს საპარლამენტო ტრიბუნიდანაც საუბრობდნენ.
შაბათის ფორმულას ცნობით, დიდი ფინანსური მაქინაციების, შესაძლო, შავი ტრანზაქციებისა და ე.წ. ქოლცენტრებით ფულის გათეთრების სქემა თავდაცვის მინისტრისთვისაც არის ცნობილი. საერთაშორისო გამოძიებას აქვს ინფორმაცია, რომ რატი ალექსიძის კვალმა ქოლცენტრების საქმეში, შესაძლოა, ქართული ოცნების გენერალურ მდივან კახა კალაძეზე გაიყვანოს.
ამასთან, საერთაშორისო გამოძიება, შაბათის ფორმულას ინფორმაციით, შესაძლო თაღლითობის საქმეში ქართული ოცნების მაღალჩინოსნების კვალს ეძებს. ერთ-ერთი ვერსიით, რომელიც ჯერ დაზუსტებული არ არის, თაღლითური სქემა აქტიურად მუშაობს აფრიკის კონტინენტზე და შესაძლოა მას სწორედ ქართველი მაღალჩინოსანი მფარველები ჰყავდეს.
ე.წ. ქოლცენტრების სკანდალზე თავდაცვის მინისტრი მხოლოდ მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც BBC-ის ეთერში ამ თემაზე მომზადებული საგამოძიებო ფილმი გავიდა. ის, რომ გამოძიებას კითხვები მის ახლო ნათესავთან აქვს, ბურჭულაძეს არ უხსენებია. ამის სანაცვლოდ, ბურჭულაძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის და ფორმულას დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დააანონსა.
საერთაშორისო გამოძიებაში, რომელიც ევროჯასტის ქოლგის ქვეშ რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად მიმდინარეობს, საქართველოს პროკურატურაცაა ჩართული. 2021-2022 წლებში ე.წ. ქოლცენტრების წინააღმდეგ მათ არა ერთი სპეცოპერაცია ჩაატარეს, დაილუქა ოფისები ნუცუბიძის ქუჩაზე, ასევე შარტავაზე, ვაჟა ფშაველასა და სხვა ქუჩებზე - დააკავეს ათეულობით პირი. არცერთ ამ შემთხვევაში გამოძიებას ქოლცენტრების მფლობელებისა და მათ უკან მდგარი პირების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ბრალდებულების ადვოკატებთან საუბრის დროს გაირკვა, რომ ქოლცენტრების საქმეზე დაკავებულების უმეტესობა გირაოს სანაცვლოდ ან საპროცესო შეთანხმების საფუძველზეა გათავისებული. თავად ორგანიზატორები ამ დრომდე დაუსჯელები არიან.
ე.წ. ქოლცენტრებთან ხელისუფლების კავშირების შესახებ სხვა წყაროებიც ღიად საუბრობენ. ჯერ კიდევ 1 წლის წინ მთავარი არხის ეთერში ნიკა გვარამიას ანონიმური ინფორმატორი ეუბნებოდა, რომ ამ სქემის სათავეში ხელისუფლების მაღალჩინოსნები იდგნენ და რომ ქართული ინტერპოლის შეფი თავად იყო დაინტერესებული მხარე. ინფორმატორი საუბრობდა იმ პირების შესახებ, რომლებიც თაღლითური პირამიდის სათავეში დგანან და სოლიდურ თანხებს ქართული ოცნების ე.წ. შავ ყულაბაში აგროვებენ.
ქართული ოცნების შესაძლო კავშირებზე ე.წ. ქოლცენტრების სქემასთან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთი ჟურნალისტური გამოძიება მომზადდა. ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები ასახელებენ კონკრეტულ გვარებს, ფაქტებს, მისამართებს - თუმცა სახელისუფლებო პროპაგანდა მხოლოდ წინა ხელისუფლების წარმომადგენლების ბრალეულობაზე საუბრობს.
ჯერ უცნობია, რომელ კონკრეტულ პირებს დაასახელებს საერთაშორისო გამოძიება. უფრო მეტი დეტალი მედიისთვის მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც გერმანულ სასამართლოს ჩვენებას ქართველი ფეხბურთელი რატი ალექსიძე მისცემს.
წყარო: newposts.ge
ქართველი ფეხბურთელი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დააკავეს
24-04-2023, 09:24
კომენტარები
22-11-2024 23:04
1 770
გიორგი მამარდაშვილი ახალდაბადებული შვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს
ვრცლად
22-11-2024 15:02
1 019
ერთა ლიგის B ჯგუფში დარჩენისთვის საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
ვრცლად
21-11-2024 22:57
298
„ბარსას კვარა მოსწონს, თუმცა...“ - ბოლო ცნობები კატალონიიდან
ვრცლად
20-11-2024 20:12
10 011
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად