ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის თავს უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. შელაპარაკებას, რომლის დეტალებიც ჯერ ისევ გამოძიების პროცესშია, სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათგან ერთი ზურას ძმა, მეორე მისი მეგობარი და მესამე მეორე მხარის წარმომადგენელი, ახალგაზრდა ბიჭია, რომელიც სასიკვდილოდ, სწორედ, ზურაბ ზვიადაურის იარაღით დაიჭრა.
გელა დაიაური (ზურას მეგობარი): ჩვენ ბავშვობიდან ახლოს ვართ ოჯახებით. ამ ამბამდე რამდენიმე დღით ადრე ვისაუბრეთ. ბავშვს ელოდება და გახარებული მწერდა, ექსკლუზიურად ფოტოებს ჩაგიყრიო და ექოს ფოტოები გამომიგზავნა. სიმღერა თუ პოეზია, რაც ჩემთვის ძალიან ახლობელია, მასაც ძალიან უყვარს და ამით განსაკუთრებით ვახლობლობთ. ამ კაცს ხელოვნება უყვარს და მიუხედავად ფიზიკური მონაცემებისა, არასდროს ყოფილა კონფლიქტური. არ მახსოვს, ვინმე დაეჩაგროს ან ზედმეტი ეკადრებინოს. იუმორით სავსე ადამიანია, 24 საათი „მაიმუნობის“ ხასიათზეა, მხიარული ბიჭია. სპორტში ხომ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, მაგრამ ადამიანობითაც არ არის ნაკლები.
ამ ზაფხულს მთაში იყო გადმოსული და სახლის აშენება დაიწყო. ძალიან იყო შეცვლილი. მითხრა, დავიფიცე, სანამ ბავშვი არ დაიბადება, ერთ წვეთს არ დავლევო. დღეობაზე ხევსურები გადაეკიდნენ, დალიეო, მაგრამ არ დალია, ხატზე მაქვს დაფიცებული და ფიცს როგორ გავტეხო?!
– ბევრისთვის არ იყო ცნობილი, თურმე, ის და მისი მეუღლე ძალიან ბევრი წელი ელოდნენ შვილს.
– 2004 წელს გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და იმ წელსვე დაოჯახდა. მას შემდეგ 17 წელია გასული. რაც გაიგო, რომ მამა გახდებოდა, ძალიან ბედნიერი იყო, სულ ამაზე ლაპარაკობდა. მარტში ელოდებიან შვილის დაბადებას.
არხილოსკალოში ლაშა ბექაურის შეხვედრაზე უნდა წავსულიყავით. გვიან დამირეკა, მეუღლეს ჰაერის უკმარისობა აქვს, ამხელა გზაზე რომ წამოვიდე, რამე რომ დასჭირდეს, იქიდან ვერ ვუშველი, დამტოვებელიც არავინ მყავსო და სახლში დარჩა. მეუღლეს მარტო ვერ ტოვებდა და საკუთარ ნათლულთანაც კი ვერ წამოვიდა. წარმოიდგინეთ, ახლა რა მდგომარეობაშია.
მთაში ამოვიდა ათი დღით და იმდენად აღტაცებული იყო, ყოველდღე შვილზე მელაპარაკებოდა. სახლის შენება რომ დაიწყო, ვუთხარი, აუცილებელი იყო შვილი გყოლოდა, რომ სახლის აშენება დაგეწყო-მეთქი და ყველაფრის ხალისი მომეცაო, მიპასუხა. დაფრინავდა ბიჭი სიხარულისგან. ვერავინ წარმოვიდგენდით, თუ ასეთი სიხარულის მომლოდინეს ასეთი უბედურება დაატყდებოდა თავს.
ახლა ოჯახში ძალიან მძიმე სიტუაციაა. მისი ძმა, მთასავით კაცი წაიქცა. ვერ წარმოიდგენთ, როგორი კაცი იყო ზვიადი. არ ვიცი რატომ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ. ზვიადაურების ოჯახს ახლა ორი დიდი სატკივარი აქვს, გარდაცვლილი ზვიადი და პატიმარი ზურა. ის, რომ ზურამ ძმასთან გამომშვიდობება მოახერხა, მაინც დიდი შვებაა. მე როგორც ვიცი, სპეციალურად დააჩქარა სასამართლო, იმ პოზიციაში, რომელშიც სასამართლომდე იყო, არ ექნებოდა ძმის უკანასკნელ გზაზე გაცილების უფლება.
– როგორი ძმობა ჰქონდათ?
– ზვიადი უფროსი იყო და იმდენად ერიდებოდა ზურას მისი, ავარია მოუვიდა და დამტვრეული მანქანის ფოტო გამომიგზავნა, ოღონდ გეხვეწები, ზვიადს არ უთხრაო, მომწერა. მთაში უფროს-უმცროსობის ინსტიტუტი ძალიან მაღალ ხარისხშია აყვანილი. როგორც მამის მოერიდება შვილს, ისე ერიდებოდა ზვიადისიც. დიდი სიყვარული ჰქონდათ. ზვიადი ძმებში სიდინჯითა და სერიოზულობით გამოირჩეოდა. ვაჟკაცი იყო, ძმებისთვის სამაგალითო გახლდათ.
– ზურას არ აქვს მარტივი გზა გამოვლილი, ოლიმპიური ჩემპიონიც კი ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ტკივილების ფონზე გახდა, რადგან დაჭრილი იყო. როგორ იხსენებდა იმ დროს?
– თუ სწორად მახსოვს, მაშინ სპორტული ბოტასები მოჰპარეს. ზოგი ამბობდა, ეს ყველაფერი კონკურენციის გამო, სპეციალურად გააკეთესო. თავის ბოტასებს ითხოვდა, როცა დაჭრეს ბარძაყში. მაშინ ცოტა მძიმე დროც იყო. ისე წავიდა ოლიმპიადაზე, ფეხი კარგად არ ჰქონდა მოშუშებული, მაგრამ შეძლო გამარჯვება. ახლა ლაშა ბექაურის მამამ გამომიგზავნა ფოტო, რომელზეც ლაშას ზვიადაურის კიმანო აცვია და მუხლზე დაჩოქილი ლოცულობს. ღმერთმა არ დაამსგავსოს ბედით, მაგრამ ლაშაც ტრავმირებული წავიდა ოლიმპიადაზე და ორივემ გვასახელა ჩემპიონობით. უნდა გენახათ, ზურა როგორ გულშემატკივრობდა, ოღონდ მოიგოს და ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნებაო, სულ ამას იმეორებდა. სიხარულისგან აღარ იცოდა, რა ექნა, როცა მისი ნათლულიც ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
ზურა ძალიან მოკრძალებულია. თუ გახსოვთ, ოლიმპიადაზე მხოლოდ თითი ასწია, მეტად არ გამოუხატავს ემოცია. იმიტომ, რომ დარბაზში მისი გამზრდელი, ხევსური კაცი იყო. მას ჰყავდა გაფრთხილებული, არ დაგინახო, რომ ემოცია გამოხატოო. ეს მთის ადათია. ჯერ ის, რომ უფროსის სიტყვა უნდა გაიგონო და მეორე, ზედმეტად ემოციურობა ვაჟკაცს არ შეჰფერის. კაცს ემოციების შეკავება უნდა შეგეძლოს და სიხარული თუ ტკივილი სახალხოდ არ უნდა გამოხატო. მერე მიყვებოდა ზურა, გასახდელში რომ შევედი, კარი დავკეტე და სიხარულისგან დავხტოდიო.
როცა თვითონ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მაშინ ყველას უხაროდა მის გამო, ჩვენი ქვეყნის წარმატების გამო, ყველას უყვარდა და დღეს რა გახდა პრობლემა, ვერ ვხვდები. ზურას რომ ვუყურებ, მარიტა მახსენდება. სუფთა გულის ბიჭია, რომელიც სულ სალოცავში ლოცულობდა, რა მკვლელობაზეა ლაპარაკი?! ჭიანჭველას არ გაჭყლეტდა ისეთი გული აქვს, მაგრამ ცხოვრებაში ცუდად შემოუბრუნდა რაღაცები, ღმერთმა ყველას აარიდოს ასეთი ტრაგედია.
– ახლა ძირითადად რით იყო დაკავებული?
– სამშენებლო ბიზნესი და ოჯახი. ყველა ქართველს ვთხოვ, ამ კაცის გულში ჩაიხედოს და წარმოიდგინოს, იქ რა ხდება. კაცს მკვლელის სახელი აქვს, ამხელა ცოდვა დაიდო, ამით როგორ იცხოვრებს? შვილის მომლოდინე ციხეში აღმოჩნდა, მეუღლის ნერვიულობაზე რაღა უნდა ვთქვა?!
იმ ადამიანებს, ვინც ახლა დაუნდობლად ტალახს ესვრიან ზურას, მინდა ვკითხო, მისნაირ ქრისტიან ადამიანს, კაცს, რომელმაც ამხელა სიხარული მოუტანა საკუთარ სამშობლოს, მიწასთან რომ ასწორებ, შენ რა გაქვს საკუთარი ქვეყნისთვის გაკეთებული, საკუთარ გულში ჩაიხედე და საკუთარ ცხოვრებას გადახედე. განაჩენი რატომ გამოგაქვს მისთვის, თითქოს ყველაფერი სხვაზე უკეთ იცოდე. როცა უყურებ მეორე მხარეს, გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭის მშობლებს, რომლებიც ძალიან ღირსეულად საუბრობენ თავიანთ ტრაგედიასა და ზვიადაურზე, შენ რატომ გაქვს გულში ამხელა სიძულვილი, სატანა გვყავს სულში ჩასახლებული თუ რა ხდება?! ვუსამძიმრებ იმ ოჯახს, ეს ორივე ოჯახის ტრაგედიაა.
დავით ავალიშვილი (მეგობარი): ზურა არასოდეს გიღალატებს, ეს გამორიცხულია თუ ვინმემ უღალატა, გაშორდება. შეიძლება, აღარ მიიკაროს, მაგრამ ბოროტება და შურისძიება ნაღდად არ ახასიათებს. საუკეთესო მეგობარია მანამდე, თუ ბოდიში და ზედ არ დააფურთხე.
17 წელი ოცნებობდნენ ცოლი და ქმარი შვილზე. ზურას ბავშვები სიგიჟემდე უყვარს. ისეთი გახარებული იყო, ვერც წარმოიდგენთ. რამდენიმე თვის წინ მე ვუთხარი ზურა, სიზმარში ვნახე, რომ შენი მეუღლე ფეხმძიმედ იყო და ბავშვი შეგეძინებათ-მეთქი, ძალიან გაუხარდა, მაგრამ არ დაიჯერა. ყველა ეკლესია-მონასტერი შემოვლილი ჰქონდათ, ლოცულობდნენ. ბოლოს ზურას ცოტა იმედი გადაეწურა და დალევაც დაიწყო. ნერვიულობდნენ, მაგრამ არაფერს ამბობდნენ. ახლობლები საერთოდ ამ თემაზე არ საუბრობდნენ, რადგან, მათთვის მძიმე მომენტი იყო. ცაში ფრინავდა სიხარულით, როცა გაიგო, რომ ამდენწლიანი ნატვრის შემდეგ მამა გახდებოდა. უფრო კეთილი გახდა, სახლის შენებას შეუდგა – ხევსურეთში უნდა დავახვედროო. 15 რიცხვში ვიდეოზარით დიდხანს ვისაუბრეთ. მაგარ ხასიათზე იყო და სულ ხუმრობდა. აივანზე ორი ყანწი იდგა მაგიდაზე და მითხრა, აი ამ ყანწით უნდა დაგათროო. 16-ში კი ეგ ამბავი მოხდა, არადა, მასალა უნდა ეყიდა და ხევსურეთში წაეღო სახლის ასაშენებლად. საშინელება მოხდა, არადა ზურასნაირი ხალხი ბევრი რომ იყოს, საქართველოში შიმშილი არ იქნებოდა. ძალიან მეცოდება, ცარიელი გულია. ერთხელ რესტორანში იჯდა და მის ახლოს ახალგაზრდა, შეყვარებული წყვილი დაჯდა. მენიუ რომ ნახეს, ფასებზე გულები გაუსკდათ და მხოლოდ ყავა შეუკვეთეს. ზურამ ეს შეამჩნია, მივიდა ოფიციანტთან, მოელაპარაკა და ისე გააკეთა, თითქოს აქცია იყო და მაგარი სუფრა გაუშალეს შეყვარებულებს. ფილმებში თუ ხდება მსგავსი რამ, თან თვითონ საერთოდ არ გამოჩენილა.
საოცრად შემწყნარებელია. ამას უმიზეზოდ არ ვამბობ. წლების წინ, ოლიმპიადისთვის რომ ემზადებოდა და დაჭრეს, მიზეზი ზუსტად არ ვიცი, რადგან ზურას არ უყვარდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ის ვიცი, რომ ვინც დაჭრა, მერე დაძმაკაცდა იმ ადამიანთან.
ახლა კაცი სიმწრით გათავებულია. აბა, როგორ იქნება, გასვენების დღეს ბორკილებით იღებდა სამძიმარს.
ზურა კახაბრიშვილი (ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი): ზვიადაური ჩემთვის პირველი გამარჯვებაა და ყოველთვის განსაკუთრებულად მემახსოვრება. ძალიან შრომისმოყვარე და პატრიოტია. სწორედ, ამის დამსახურებით მოიპოვა დიდი გამარჯვება. მომხდარის დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი აფექტის მდგომარეობაში მოხდა, ზურა იმდენად გულიანი ბიჭია, სხვანაირად წარმოუდგენლად მიმაჩნია. საკუთარი თავის მტერი იყო იმ გაგებით, რომ სხვებზე უფრო მეტს ფიქრობდა, ვიდრე საკუთარ თავზე. ქართველი კაცი გაიხდის ჩოხას, ოღონდ კი სტუმარს კარგად დაუხვდესო, ზუსტად მისნაირ ადამიანებზე არის ნათქვამი. ზურამ შექმნა ეპოქა და ზუსტად მის გაკვალულ გზაზე წამოვიდა შედეგები, რომლითაც დღეს ჩვენ ვამაყობთ. ის არის სპორტის კატალიზატორი. ოთხმოცი დარბაზი გაიხსნა მისი გამარჯვების შემდეგ.
თვითონ ოლიმპიადაზე დაჭრილი, გაბზარული ძვლით ასპარეზობდა. მაგრამ შეძლო საკუთარი ტკივილის მართვა, ფსიქოლოგიურად აღმოჩნდა ძლიერი, თორემ ფიზიკურად მართლა ძალიან ცუდად იყო, ვერ სუნთქავდა. ცდილობდა, საკუთარი თავი ხასიათზე მოეყვანა, საბრძოლო მუხტი არ დაეკარგა და ადამიანური შესაძლებლობების მაქსიმუმი დადო. მერე მწვრთნელობა დაიწყო და აქაც ძალიან მომთხოვნი იყო. ტრავმების გამო თვითონ ადრე დაამთავრა აქტიური სპორტული კარიერა და უნდოდა, სხვებში ჩაედო მაქსიმუმი. ზურა დიდი სპორტსმენია. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზად მომგები და თან, რომანტიკული სპორტსმენი.
წყარო : digest.pia.ge
უცნობი ისტორია ზვიადაურზე, რომელიც აქამდე არავის სმენია
31-08-2021, 15:12
კომენტარები
20-11-2024 20:12
1 553
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
257
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად
20-11-2024 08:28
2 380
ვის და როდის შეხვდება საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დასარჩენად ?
ვრცლად
20-11-2024 01:05
3 748
ვინ არის ლუკა ხარატიშვილი, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპაზე გაიყვანა ?
ვრცლად