22 წლის უკრაინელი მოფარიკავე ვლადა ხარკოვა საქართველოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებულ ოქროს მედალსა და ქართველების მხარდაჭერაზე საუბრობს
უკრაინელმა მოფარიკავემ ვლადა ხარკოვამ OBOZ.UA-სთან ინტერვიუში საქართველოში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შთაბეჭდილებები და მიღებული გამოცდილება გააზიარა. სპორტსმენმა ყურადღება გაამახვილა როგორც საკუთარი წარმატების მნიშვნელობაზე, ისე ქართველების სოლიდარობაზე.
მისივე თქმით, ჩემპიონატზე ქართველებმა პროტესტი რუსი სპორტსმენების მონაწილეობასთან დაკავშირებით გამოხატეს და უკრაინელ კოლეგებს სრული მხარდაჭერა აღუქვეს.
„ქართველების საპროტესტო აქციის შესახებ Instagram-იდან შევიტყვე, რადგან იმ დროისთვის თბილისი უკვე დატოვებული მქონდა, თუმცა საქართველოში ყოფნისას მათ სოლიდარობას ყოველდღე ვგრძნობდი. უბრალო ადამიანები, ორგანიზატორები – ყველანი ტაშს მიკრავდნენ და მხარდაჭერის ჟესტს მაჩვენებდნენ. ეს ენერგია მართლაც განსაკუთრებული იყო“, – აღნიშნა ხარკოვამ.
მისივე თქმით, მხარდაჭერა სპორტული არენიდან ყოველდღიურ ცხოვრებაშიც იგრძნობოდა:
„ხანდახან ტაქსით გადაადგილებისას მძღოლები გვეუბნებოდნენ, რომ რუსების შეშვება ტურნირზე სამარცხვინო გადაწყვეტილება იყო და სიტყვიერად სოლიდარობას უცხადებდნენ უკრაინელ სპორტსმენებს“.



