ბიჭი თვალებში ციმციმა ვარსკვალებით გაიზარდა და ნამდვილი ვარსკვლავი გახდა! ჯერ საკუთარი ქვეყანა აალაპარაკა, მერე - მსოფლიო. სახელი და გვარი ყველას დაამახსოვრა. სიამაყის განცდა და გამარჯვების სიხარული ყველას ერთად განგვაცდევინა.
"უზომოდ თბილი, მეგობრული, შრომისმოყვარე, მიზანდასახული" - მშობლიურ 169-ე საჯარო სკოლაში ხვიჩა კვარაცხელიაზე ყველა სიამაყითა და სიამოვნებით საუბრობს.
"ხვიჩას სხვების სიხარულით გულწრფელად გახარების უნარი აქვს, ეს უდიდესი ნიჭია"
ლეილა ხიჩაკაძე, პედაგოგი:
- ხვიჩას თამაშებს თვალს ადევნებთ?
- რა თქმა უნდა. ახლა ჩემპიონთა ლიგაზე რომ ითამაშა, იმ საღამოს შინ გვიან უზომოდ დაღლილი დავბრუნდი, რადგან მეორე დღეს პირველი ივნისი იყო და სკოლაში ამ დღის აღსანიშნავი ღონისძიებები გვქონდა დაგეგმილი. ხვიჩამ გოლი რომ გაიტანა, არ ვიცი, სავარძლიდან როგორ წამოვფრინდი, ძალა საიდან მომეცა. სასწაული განცდა იყო, ახლაც სიხარულისგან მეტირება. ეს ბიჭი შვილივით მიყვარს. ხვიჩა და ჩემი შვილი, გიორგი ბლიაძე, ერთ კლასში სწავლობდნენ. მათემატიკას ვასწავლიდი, მეგობრობდნენ და ახლაც მეგობრობენ, გიორგი ხვიჩას მეჯვარეა.
- როგორი ბავშვი იყო ხვიჩა?
- უზომოდ თბილი, კეთილი, მეგობრული და ეს თვისებები დღემდე აქვს. მიზანდასახული რომ იყო, ეს ისედაც ცხადია.



