დღის ახალი ამბები

ინგლისური გამოცემა ალისონის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს

ინგლისური გამოცემა ალისონის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს


19-12-2025, 10:11
---

გიორგი მამარდაშვილი ერთადერთი მეკარე არ არის, რომელიც მიიჩნევს, რომ შეუძლია „ლივერპულში“ ალისონ ბეკერის ჩანაცვლება. როგორც გამოცემა Rousing the Kop წერს, ბრაზილიელი მეკარე, დიდი ალბათობით, კლუბს დატოვებს, ხოლო მერსისაიდელები „აიაქსში“ განათხოვრებულ ვიტეჟლავ იაროშს დაიბრუნებენ.


წყაროს ცნობით, „ლივერპული“ ალისონ ბეკერის გაყიდვას მომავალი ზაფხულისთვის განიხილავს. მიუხედავად ამისა, კლუბის გულშემატკივრებს ოპტიმიზმის საფუძველი აქვთ, რადგან გუნდი გიორგი მამარდაშვილის სახით უკვე ფლობს მის პოტენციურ შემცვლელს. მოსალოდნელია, რომ ბრაზილიელის წასვლის შემთხვევაში, ძირითად მეკარედ სწორედ ქართველი ფეხბურთელი განიხილება.


თუმცა კონკურენცია ამით არ მთავრდება. ვიტეჟლავ იაროში, რომელიც ამჟამად „აიაქსის“ პირველი ნომერია, დარწმუნებულია, რომ მზად არის „ლივერპულში“ დაბრუნების შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის ბრძოლას შეუდგეს. გამოცემა აღნიშნავს, რომ მეკარეთა პოზიციაზე კონკურენცია კლუბში იშვიათად ყოფილა ასეთი მაღალი და ჩეხი კარის დარაჯის დაბრუნება ბრძოლას კიდევ უფრო გაამწვავებს.


ნიდერლანდური გამოცემა De Telegraaf იაროშის კომენტარსაც აქვეყნებს:


„ძნელი სათქმელია, როდის ვიქნები მზად, რომ „ლივერპულის“ მთავარი მეკარე გავხდე — მით უმეტეს, ისეთი ძლიერი მეტოქეების ფონზე, როგორებიც არიან ალისონ ბეკერი და გიორგი მამარდაშვილი. მათი ჩანაცვლება მარტივი არ არის. მიუხედავად ამისა, ჩემი საბოლოო მიზანი სწორედ ესაა. ხოლო როდესაც ამას მივაღწევ, მსურს ჩემპიონთა ლიგის მოგებაც“, — განაცხადა ჩეხმა მეკარემ.





  • გაზიარება
    მოინახულეს 368-ჯერ
    რეკლამა