მაროკოელ ბიჭუნას მადრიდის რეალმა უმასპინძლა
20 სექტემბერს, ესპანეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურის ეგიდით, მადრიდის რეალი ესპანიოლს მასპინძლობს. "სამეფო კლუბმა" მაროკოელი ბიჭი, აბდერაჰიმ ოუჰიდა, რომელმაც 2023 წელს მიწისძვრის შედეგად მშობლები, და-ძმა და ბაბუა დაკარგა, დღევანდელ მატჩზე დასასწრებად მიიწვია.
საქმე იმაშია, რომ მომხდარი ტრაგედიის დროს, ოუჰიდამ ადგილობრივ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა და იმ მომენტში მას მადრიდის რეალის მაისური ეცვა. გაირკვა, რომ ის ესპანური გრანდის დიდი გულშემატკივარი იყო.
"სანტიაგო ბერნაბეუს" ბინადარმა კი გადაწყვიტა, რომ მაროკოელ ახალგაზრდას დახმარებოდა. ის საცხოვრებლად მადრიდში გადაიყვანეს და რეალის აკადემიაშიც ჩაირიცხა, სადაც სწავლასაც განაგრძობს. დღეს მან დაათვალიერა გუნდის სტადიონი და საჩუქრად კლუბის პრეზიდენტისა და ყველა ფეხბურთელის ხელმოწერილი მაისურიც მიიღო. ესპანიოლთან მატჩი კი სწორედ მან გახსნა.
წყარო: croco.ge



