„ვილიარეალის“ ინვესტიცია, რომლითაც გუნდი უკვე იგებს“, – ამ სათაურით გამოაქვეყნა პოპულარულმა ესპანურმა გამოცემა MARCA-მ წერილი, რომელშიც ხაზგასმულია, რომ „ყვითლების“ ბოლოდროინდელი გამარჯვებები ბოლო ახალწვეულების, გიორგი მიქაუტაძის და მანორ სოლომონის დამსახურებაა.
„სეზონის პირველი გასვლითი გამარჯვება „ვილიარეალმა“ სევილიაში მოიპოვა, ხოლო ლა ლიგაში ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა. ექვსი მატჩის შემდეგ, „ყვითელი ფეხბურთელები“ მხოლოდ „რეალსა“ და „ბარსელონას“ ჩამორჩებიან. სეზონის წარმატებული დასაწყისი დიდწილად მათი ახალწვეულების დამსახურებაა, რომლებმაც ბოლოდროინდელ გამარჯვებებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.
გასულ შაბათ-კვირას „ოსასუნა“ 2:1 დაამარცხეს. ანგარიში ოლივასეიმ გახსნა, ხოლო მეორე გოლი სოლომონის გადაცემით – ქართველმა მიქაუტაძემ გაიტანა. „სევილიას“ წინააღმდეგაც იგივე ვიხილეთ. ანგარიში კვლავ კანადელმა ოლივასეიმ გახსნა, ბოლო წუთებში კი მთავარი გმირები კვლავ მიქაუტაძე და სოლომონი აღმოჩნდნენ, თუმცა პოზიციები გაცვალეს. ამჯერად, გამარჯვების გოლი ებრაელმა თავდამსხმელმა ქართველის გადაცემით გაიტანა“, – წერს ესპანური გამოცემა.
MARCA „ვილიარეალის“ მწვრთნელის, მარსელინო გარსია ტორალის სიტყვებსაც აქვეყნებს:
„მიქაუტაძე კარგი მოთამაშეა. მან სწრაფად შეძლო ადაპტაცია, მაგრამ დრო უნდა მივცეთ. ის ეცნობა მოწინააღმდეგეებსაც და თანაგუნდელებსაც… ფეხბურთელები ადამიანები არიან და არა მანქანები და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“.
წყარო: 1tv.ge-sport



