საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2025 წლის ევრობასკეტის მეოთხედფინალში ფინეთს შეხვდება.
შეხვედრა 10 სექტემბერს თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
ფინეთისა და საქართველოს ნაკრებები ისტორიაში მეათედ ითამაშებენ. ჩვენმა გუნდმა ხუთ შემთხვევაში გაიმარჯვა, ხოლო ოთხჯერ დამარცხდა. ბოლოს ფინელებს 2025 წლის ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისში ვძლიეთ.
ფინეთის ნაკრები მიმდინარე კონტინენტის პირველობის ერთ-ერთი მასპინძელი იყო. ტურნირის B ჯგუფის მატჩებს ქალაქი ტამპერე მასპინძლობდა. ფინელებმა ჯგუფში გამოსვლა სამი მოგებითა და ორი მარცხით დაასრულეს, ხოლო ამ შედეგით მესამე ადგილი დაიკავეს. ჩვენი ნაკრების მსგავსად ფინეთის ნაკრებმაც 1/8 ფინალში დიდი სენსაცია შემოგვთავაზა და ტურნირის მთავარი ფავორიტი სერბეთს ნაკრები დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების სავარჯიშო დარბაზის წინ უამრავი ჟურნალისტი შეკრებილიყო. ესეც ერთგვარი რეკორდი გახლდათ – ამდენი ჟურნალისტი ჩვენი გუნდის ვარჯიშს აქამდე არ დასწრებია. ლოგიკურიცაა: „ჯვაროსნებმა“ საფრანგეთი დაამარცხეს და მსოფლიოს საკალათბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში მოექცნენ.
დღევანდელი მატჩის წინ ფავორიტი ფინეთის ნაკრებია, მაგრამ მინდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა ნაკრებმა უკვე შეძლო 2 ფავორიტ ესპანეთის და საფრანგეთის ნაკრებებთან გამარჯვება, შეგახსენებთ, რომ პირველი ევროპის მოქმედი ჩემპიონია, მეორე კი ვიცე-ჩემპიონი, ამიტომ დღეს ქართველები ეცდებიან კიდევ ერთი სენსაცია შემოგვთავაზონ, წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ნაკრებს.



