მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენმა“ მადრიდის „რეალი“ დამაჯერებლად დაამარცხა – პარიზელებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და 4:0 იმარჯვეს.
მატჩის შემდეგ პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ჟურნალისტებთან უსმან დემბელეს თამაში განსაკუთრებულად გამოარჩია.
„ჩემი აზრით, დემბელე გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია – თანაც აშკარა უპირატესობით. ის იმსახურებს ყველა ინდივიდუალურ ჯილდოს, რადგან გუნდისთვის ყველაფერს აკეთებს.
მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო მისი პირველი მატჩი ტურნირზე, რომელიც ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა მაინც ჩვენი საუკეთესო მოთამაშე იყო. უსმანი უნიკალურია – ის ცვლის თამაშის დინამიკას და ქმნის სხვაობას. მის თამაშს სიამოვნებით უყურებ“, – განაცხადა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში პსჟ ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 13 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.



