როგორც ცნობილი ხდება, პსჟ -ს "ტოტენჰემის" წინააღმდეგ სუპერთასისთვის ბრძოლაში დისკვალიფიცირებული ჟოაო ნევეში ვერ დაეხმარება, მოედანზე ასევე არ იქნება იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა. როგორც ირკვევა, მისი გუნდიდან გაშვება გადაწყვეტილია.
საქმე ის არის, რომ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას პსჟ 2026 წლის ზაფხულამდე გაფორმებული კონტრაქტის გახანგრძლივების სანაცვლოდ ხელფასის შემცირებას სთავაზობდა, მაგრამ იტალიელი არ დათანხმდა. ამის შემდეგ კლუბმა "ლილისგან“ ლუკა შევალიე შეიძინა, დონარუმა კი "ტოტენჰემთან“ ევროპის სუპერთასის მატჩის განაცხადში არ შეიყვანა. ამაზე "ეკიპთან“ კომენტარი ჯიჯის ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა გააკეთა. მისი თქმით, გუნდი დონარუმას გარეშე ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებდა და "პარი სენ ჟერმენის“ ხელმძღვანელებს უმადურები უწოდა:
"უმადურები... ყველაფერ იმის შემდეგ, რაც მან გააკეთა, გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმარა, სუპერთასის განაცხადშიც არ შეიყვანეს. მისი დახმარების გარეშე სუპერთასზე ვერასოდეს ვერ მოხვდებოდნენ“.
თუ ჯანლუიჯიმ 31 აგვისტომდე "პარი სენ ჟერმენი“ არ დატოვა, სათამაშო პრაქტიკის გარეშე დარჩება. ამის შესახებ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მეკარე უკვე გააფრთხილა. პსჟ-ს არ უნდა დონარუმამ კილიან მბაპეს მსგავსად უფასოდ დატოვოს კლუბი.
შეგახსენებთ, სუპერთასისთვის მატჩი 13 აგვისტოს, უდინეს "ფრიულიზე", ჩვენი დროით ,23:00 საათზე დაიწყება.
წყარო: ambebi.ge



