„სენტ-ეტიენის“ ქართველი ლეგიონერის, ზურიკო დავითაშვილის მიმართ ინტერესი იზრდება. თურქული „ბეშიქთაშის“ შემდეგ, 23 წლის ფეხბურთელის მიმართ ყურადღებას პორტუგალიური გრანდი — ლისაბონის „ბენფიკაც“ იჩენს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი Benfica Infos ავრცელებს.
წყაროს ცნობით, „ბენფიკა“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეტევის მარცხენა ფლანგის გაძლიერებას გეგმავს და სამი კანდიდატი ჰყავს შერჩეული: პატრიკ ვიმერი, კეიტო ნაკამურა და ზურიკო დავითაშვილი. სწორედ ამ სამ ფეხბურთელს შორის უნდა გააკეთოს არჩევანი ლისაბონური კლუბის ხელმძღვანელობამ.
24 წლის პატრიკ ვიმერი „ვოლფსბურგისა“ და ავსტრიის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველია, ხოლო 25 წლის კეიტო ნაკამურა „რეიმსისა“ და იაპონიის ნაკრების გარემარბი.
რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს, „სენტ-ეტიენის“ ლიგა 2-ში დაქვეითების შემდეგ ქართველ ფეხბურთელს გუნდის დატოვება სურდა, თუმცა კლუბმა მისი გაშვება არ ისურვა. ამჟამად დავითაშვილი „მწვანეების“ ერთ-ერთ ლიდერად ითვლება და სტაბილურად გამორჩეულ თამაშს აჩვენებს.

