დღის ახალი ამბები

"მე დავბრუნდი" - სპორტსმენი ავთანდილ ხურციძე, რომელიც აშშ-ში ციხეში იჯდა, თავისუფალია

"მე დავბრუნდი" - სპორტსმენი ავთანდილ ხურციძე, რომელიც აშშ-ში ციხეში იჯდა, თავისუფალია

ქართველი სპორტსმენი ავთანდილ ხურციძე, რომელსაც ბრალად რუსულ კრიმინალურ დაჯგუფებასთან თანამშრომლობა ედებოდა და სასჯელს ამერიკის შეერთებული შტატების ციხეში იხდიდა, თავისუფალია. ინფორმაციას თავად ხურციძე ავრცელებს.

სპორტსმენი სოციალურ ქსელში ახალ ფოტოსაც აქვეყნებს და წერს, რომ ის დაბრუნდა.

მოკრივე და მსოფლიო ჩემპიონი ავთანდილ ხურციძე აშშ-ში კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით 2017 წელს დააკავეს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ 7 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბრალდებულთაგან 27 ადამიანი არის გაერთიანების წევრი, რომელსაც რაჟდენ შულაია და ზურაბ ჯანაშვილი ხელმძღვანელობდნენ. მაშინ ხურციძე კიდევ 14 ქართველთან ერთად დააკავეს. მოგვიანებით სასამართლომ, ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებით, ხურციძეს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ხურციძე დამნაშავედ ცნეს გამოძალვასა და თაღლითურ გარიგებაში.

მაშინ სასამართლო პროცესზე ბრალდებამ განაცხადა, რომ აქვს ვიდეომასალა, სადაც ჩანს, თუ როგორ სცემს ავთანდილ ხურციძე კაცს, რომელიც სამართალდამცველების ინფორმატორი იყო. ამასთან, გაირკვა, რომ აღნიშნული კაცი სპორტსმენზე ჩანაწერებს აგროვებდა. პროკურორ ენდრიუ ადამსი მაშინ ამბობდა, რომ ხურციძე რუსული კრიმინალური დაჯგუფების ლიდერის რაჟდენ შულაიას მაფიის "კუნთი" იყო ბრუკლინში.
ხურციძე აცხადებდა, რომ ციხეში ვარჯიშობდა და სპორტული კარიერის გაგრძელებას აპირებს. შულაიას დაჯგუფებაში არიან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოდან, რუსეთიდან და უკრაინიდან. როგორც ისინი განმარტავენ, დაჯგუფება ძირითადად მოქმედებდა ნიუ იორკში, ნიუ ჯერსისა და ნევადაში.
ამ ჯგუფს ბრალად ედება დაქირავებული მკვლელობა, ადამიანების გაძარცვა მოტყუებით ან ქლოროფორმის გამოყენებით, ჰაკერული მოწყობილობების გამოყენებით კაზინოს ავტომატებზე თაღლითობა.
წყარო: formulanews.ge




გაზიარება
მოინახულეს 1 721-ჯერ
კომენტარები
რეკლამა