თურქეთის ნაკრების შეკრება საქართველოსთან მატჩის წინ მეკარემ, ბერკე ოზერმა დემონსტრაციულად დატოვა.
ფრანგული ლილის 25 წლის კიპერი ბულგარეთთან სამატჩო განაცხადშიც ვერ მოხვდა, რამაც როგორც ჩანს, მისი გაბრაზება გამოიწვია. სტამბოლში დაბრუნების შემდეგ ოზერმა გუნდი თვითნებურად დატოვა.
თურქეთის ნაკრების პირველი მეკარე ამჟამად გალათასარაის წევრი უგურჯან ჩაკირია, ხოლო მის შემცვლელად მერტ გიუნოკი (ბეშიქთაში) და ალტაი ბაინდირი (მანჩესტერი) მიიჩნევიან. მონტელას იერარქიაში 25 წლის ოზერი მეოთხე იყო.
აღსანიშნავია, რომ 10 დღის წინ ბერკე ოზერმა ევროპალიგაზე, რომა-ლილის მატჩში ზედიზედ სამი პენალტი მოიგერია. მის ნაცვლად თურქეთის ნაკრებში ბაშაკშეჰირის მეკარე მუჰამედ შენგეზერი გამოიძახეს:
"ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა მეკარემ, ბერკე ოზერმა, ბულგარეთთან მატჩის განაცხადში ვერმოხვედრის შემდეგ, სტამბოლში დაბრუნებისთანავე, ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალის ნებართვის გარეშე ნაკრები დატოვა. როგორც წარსულში არაერთხელ ითქვა, ეროვნული ნაკრების მაისურის ტარების პასუხისმგებლობა და ღირებულება ყველაფერს სცილდება. ჩვენი გუნდი ერთიანია, რომელიც ქვეყნის ღირსებას წარმოადგენს და ინდივიდებზე მაღლა დგას. ამიტომ, დისციპლინა, პატივისცემა და გუნდური სულისკვეთება - ჩვენი ყველაზე ფუნდამენტური პრინციპებია, რომლებსაც არასდროს მივატოვებთ. იმ დროს, როდესაც თავგანწირვით ვიბრძვით მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად, რაც მრავალი წლის განმავლობაში დიდი ხნის ნანატრი მიზანია და როდესაც გუნდში ერთიანობა და სოლიდარობა პიკზეა, ასეთი საქციელი მიუღებელია. ბერკე ოზერის საწვრთნელი ბანაკიდან წასვლის შემდეგ, შემადგენლობაში ბაშაკშეჰირის ფეხბურთელი მუჰამედ შენგეზერი გამოიძახეს", - ნათქვამია თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.
წყარო: ge.betsson.sport



