ლეგენდარული ქართველი ფალავანი ლევან თედიაშვილი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის უნიჭიერესი კაცი იყო, განსაკუთრებული იუმორის პატრონი.
გთავაზობთ რამდენიმე მოგონებს ყველა დროის საუკეთესო მოჭიდავეზე "ლელოს" არქივიდან:
-
რამდენი გადაიხადე?
იმ დღესაც სასპორტის სასახლის თაღებქვეშ გუგუნებდა ტრიბუნები. თბილისი თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობდა. ხალიჩის ცენტრში მეტოქეს შეჭიდებული ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი იდგა. ქომაგები ხმის ჩახლეჩამდე უყვიროდნენ ქართველ ფალავანს - ცოტა ხანს ნუ წააქცევ, ბიჭო, ეჭიდავე... გვაყურებინე... ლევანმა კი რამდენიმე წამში მოუმთავრა მეტოქეებს საქმე. საგარეჯოში ჩასულს მეზობლის ბიჭმა უსაყვედურა - ეგ რა ქენი, ჭიდაობა რატომ არ გვაჩვენეო.
- ბილეთში რამდენი გადაიხადე? - მოულოდნელად ჰკითხა ჩემპიონმა. როგორც სხვებმა, მანეთიო, უპასუხა.
- ჰოდა, რაც გადაიხადე, გენაცვალე, მეც იმისა ვიჭიდავე, - უთხრა ღიმილით ლევანმა.
მეზობლის ბიჭი თედიაშვილის მამას მიუბრუნდა: "ჩემო ქიტეს, შენთვინ ი გიტლერის ბომბსა თითები კი არა, სხვა რამე უნდა წეეწყვიტა, ეს არგასაზრდელი რო არ გაგეკეთებინა"...
-
80.000 დოლარი და ირანის შაჰი
- რკინის ნერვების პატრონი იყო! - იხსენებდა ვახტანგ ბალავაძე. - მიუნხენის ოლიმპიური თამაშების მეოთხე წრეში ამერიკელ პეტერსონს უნდა შეხვედროდა. მთელი ღამე არ დამიძინია, ასპარეზობის დღესაც ვნერვიულობდი, სხვებიც ვერ პოულობდნენ ადგილს. მოდის ლევანი და მეკითხება - ხალიჩაზე გასვლამდე რამდენი წუთი დარჩაო.
- საათს დავხედე - ერთი საათი-მეთქი.
- წავუძინებო!
- რას იზამ-მეთქი?
- წავუძინებო!
- ალბათ, ხუმრობს, გავიფიქრე. ის კი მიტრიალდა და წავიდა.
- გადამრევს ეს კაცი! - ვფიქრობ. ვიწრიალე, ვიწრიალე, ვერ მოვისვენე... მაინც სად წავიდა? აბა, იმას როგორ წარმოვიდგენდი, რომ გადამწყვეტ შეხვედრამდე ერთი საათით ადრე დაძინებას შეძლებდა.
წავედი და ვნახე...
ღმერთო, შენ მიშველე!
სძინავს! წარმოგიდგენიათ? იმისი ხვრინვა შორიდან მესმის...
შეხვედრის დაწყებამდე 15 წუთი დარჩა.
- ადე, ბიჭო! - ვაღვიძებ.
- სიზმარში რო ჟირაფს ნახავ, რას ნიშნავს? - მეკითხება...
სძლია პეტერსონს, 12 ქულის სხვაობით.
