დღის ახალი ამბები

გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი ილია დათუნაშვილი

გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი ილია დათუნაშვილი

84 წლის ასაკში ქართული ფეხბურთის ლეგენდა ილია დათუნაშვილი  გარდაიცვალა. ის ქართული ფეხბურთის პირველი დიდი ტრიუმფის მონაწილე და უფრო მეტიც - მთავარი გმირი იყო - 1964 წელს, "ოქროს მატჩში" გატანილი 2 გოლით მან უდიდესი წილი დაიდო მოსკოვის "ტორპედოს" დამარცხებაში.

სიმბოლურია, რომ კუთხურების დიდოსტატმა იმ მატჩში ერთი გოლი სწორედ კუთხურიდან გაიტანა.

1966 წელს მან თბილისურ მატჩში 5 გოლი გაუტანა ერევნის "არარატს" და გაიმეორა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის რეკორდი, რომელიც 1938 წელს დამყარდა...

ამ მატჩის შემდეგ სომეხ გულშემატკივრებს ქართველი ფორვარდის მიმართ დიდი აგრესია ჩამოუყალიბდათ. იყო სახალისო ისტორიებიც. ისინი თავად დათუნაშვილს აქვს მოყოლილი:

“მოგვიანებით, მეგობრები მიყვებოდნენ, რომ ლენინაკანში ტირში სამიზნე ნახეს, სადაც ჩემი ფოტო იყო დატანილი. ათიანში რომ მოგეხვედრებინათ, სწორედ ჩემი თავისთვის დამიზნება იყო საჭირო.

მაშინ ერთი ანეკდოტიც იყო პოპულარული, რომლის თანახმადაც ერევანში მშობლები ბავშვებს აშინებდნენ, დროზე დაწექით, თორემ დათუნაშვილი მოვაო”.

სწორედ იმ სეზონში გახდა დათუნაშვილი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (20 გოლი). ამას გარდა, ორჯერ (1964, 1966) იყო დასახელებული "33 საუკეთესოს" შორის, თან მხოლოდ მეორე ნომრად - დიახ, ჩემპიონატის მთავარი "სნაიპერი" მხოლოდ მეორე ნომრად! ასეთი მიკერძოება ხშირად ხდებოდა საბჭოურ ფეხბურთში, მანამდეც და მას შემდეგადაც.

ინდივიდუალური ჯილდოს გარდა, "დინამოსთან" ერთად მოიგო სსრკ ჩემპიონატის ოქროს (1964) და ბრინჯაოს (1962, 1967) მედლები. 2014 წელს მიიღო "სპორტის რაინდის" წოდება.

ილია დათუნაშვილმა ფეხბურთის თამაში 1954 წელს, ლანჩხუთის "კოლმეურნეში" დაიწყო. 1957-1958 წლებში იყო ქუთაისის "ტორპედოში", კარიერის დარჩენილი ნაწილი (1959-1968) კი თბილისის "დინამოს" მიუძღვნა. საბჭოთა კავშირის მთავარ ლიგაში ჩატარებულ 199 მატჩში გაიტანა 46 გოლი.



წყარო: newposts.ge




გაზიარება
მოინახულეს 4 451-ჯერ
კომენტარები
რეკლამა